| has gloss | kat: თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო საქართველოში, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1803 წელს საქართველოს მთავარმართებლის პ. ციციანოვის ხელმძღვანელობით. დებულებაში განმარტებული იყო ამ ორგანიზაციის დაარსების მიზანი, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესი. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს არჩევნები ტარდებოდა 3 წელიწადში ერთხელ. ირჩევდნენ როგორც "საქართველოს გუბერნიის" (ქართლ-კახეთის) თავად-აზნაურთა წინამძღოლს — მარშალს, ისე ცალკეული მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). მაზრებისა და გუბერნიის მარშლებს უფლება ჰქონდათ თავადაზნაურობის საჭიროებისათვის ეშუამდგომლათ საქართველოს უმაღლეს მთავრობაში ან რუსეთის მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო მოწყობილი იყო რუსეთის შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. |